EHR სისტემაში ჩართვა 15 იანვრიდან სავალდებულო გახდა - Doctra
­
იანვარი 14, 2019

15 იანვრიდან ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში ჩართვა სავალდებულო გახდა

2019 წლის 15 იანვრიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში შეყვანა სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთათვის სავალდებულო გახდა.  აღნიშნულ ფაქტს ითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება.

ბრძანების თანახმად, პირველ ეტაპზე კანონის ცვლილება შეეხო თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებლები არიან. დარჩენილი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ცვლილებას 1 მაისიდან გაიზიარებს, ხოლო ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებები პროგრამაში მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ჩაერთვებიან.

2020 წლის პირველი იანვრიდან ყველა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება ვალდებული ხდება, EHR სისტემაში თითოეული იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  შეიყვანოს ინფორმაცია.

სიახლის თანახმად, ექიმს და პაციენტს ნებისმიერ დროსა და ადგილას შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა სამედიცინო ისტორიაზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პაციენტის:

  • ანამნეზის,
  • გადატანილი დაავადებების,
  • ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების,
  • ქრონიკული დაავადებების არსებობის,
  • მედიკამენტების მოხმარების შესახებ.

სისტემაში გაერთიანდება: მონაცემები ჰოსპიტალიზაციის თითოეული ეპიზოდის და ამბულატორიული ვიზიტის შესახებ; პროფილაქტიკური აცრების მონაცემები: ვაქცინაციის დასახელება და აცრების ცხრილი, ვაქცინაზე რეაქცია, უკუჩვენება; C ჰეპატიტის სკრინინგის თარიღი და შედეგი;  ორსულობის საერთო რაოდენობა; მშობიარობის საერთო რაოდენობა; ბოლო ორსულობის/მშობიარობის თარიღი და სხვა.

აღნიშნული საკანმომდებლო ცვლილება სამედიცინო დაწესებულებას და პაციენტს უზოგავს დროსა და რესურსს, რამდენადაც პერსონალური სამედიცინო ინფორმაციის მიღება, კლინიკაში მიმართვის გარეშეა შესაძლებელი.

ელექტრონული ჩანაწერები ამცირებს პაციენტის სამედიცინო ისტორიის დაკარგვის, ანამნეზის არასრულყოფილად შეკრებისა და სხვა მსგავს რისკებს.

პორტალზე განთავსებული პერსონალური ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია და მასზე წვდომა პაციენტის სურვილისამებრ განხორციელდება.