იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კლინიკა ჯერ კიდევ არ იყენებს ონლაინ დაჯავშნის სისტემებს, შესაძლოა თქვენ კარგავდეთ შემოსავალს, პოტენციური პაციენტების სახით.
ბიოტექნოლოგიის ინფორმაციის ეროვნულმა ცენტრმა (NCBI) ონლაინ ჩაწერის სისტემებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და გაარკვია ონლაინ ჯავშნების სისტემის დადებითი მხარეები და ბარიერები.
გამოიკვეთა აუცილებლობა, რომ კლინიკამ იზრუნოს პაციენტის კომფორტზე და მისცეს მას საშუალება გამარტივებულად, ინტერნეტის დახმარებით შეძლოს პირად ექიმთან/სპეციალისტთან ვიზიტზე ჩაწერა.
ვებზე დაფუძნებული დაჯავშნის სისტემის დანერგვის შემდგომ, პაციენტების უმრავლესობამ ქცევის დადებითი ცვლილება აჩვენა, რამაც შედეგად მოიტანა:
- შემცირებული გამოუცხადებლობის მაჩვენებელი
- პერსონალის დაზოგილი შრომა და ხარჯები
- შემცირებული მოლოდინის დრო და გაზრდილი კმაყოფილება
1 – ჩაწერილი პაციენტის გამოუცხადებლობის მაჩვენებლის შემცირება
Solutionreach-ის კვლევის თანახმად, კლინიკის სხვადასხვა მიმართულებაში გამოუცხადებელი პაციენტების რაოდენობის პროცენტული გადანაწილება ასეთია:
- სტომატოლოგია: 15%
- OB / GYN: 18%
- პირველადი ჯანდაცვა: 20%
- ოფთალმოლოგია: 22%
- საინექციო: 25%
- პედიატრია: 30%
- დერმატოლოგია: 30%
კვლევაში მონაწილე კლინიკებში, აღნიშნული მიმართულებების ფასები თითო ვიზიტზე განსხვავებულია, თუმცა ერთიანობაში კლინიკის ზომიდან გამომდინარე თვიურმა ხარჯმა შესაძლოა ათობით ათასი ლარი შეადგინოს.
აღნიშნული მოცულობის თანხა ნებისმიერი კლინიკისთვის წარმოუდგენლად დიდი ზარალია. რა მდგომარეობაა ჩაწერილი პაციენტების გამოუცხადებლობის მხრივ თქვენ კლინიკაში?
არსებობს კალკულაციის უნივერსალური ფორმა, რომლითაც შეძლებთ თქვენ ჰოსპიტალში არსებული გამოუცხადებლობის საშუალო მაჩვენებლის გამოთვლას.
ვთქვათ, წინა თვის განმავლობაში ჩაწერილი პაციენტების რაოდენობა 500 ადამიანს შეადგენდა და მათგან მხოლოდ 400 პაციენტი გამოცხადდა:
100 (გამოუცხადებლობის მაჩვენებელი) / 500 (ჩაწერის სრული მაჩვენებელი) = 0.2
იმისათვის, რომ გავიგოთ გამოუცხადებლობის სრული მაჩვენებელი: 0.2 x 100 = 20%
გამოვიდა, რომ ჩაწერილი პაციენტების გამოუცხადებლობის სრული მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს, რაც თქვენი კლინიკისთვის პროცედურების ნებისმიერი ფასის შემთხვევაში საკმაოდ დიდი ზარალია.
არსებობს აპრობირებული მეთოდები, თუ როგორ ებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას. შეგახსენებთ, რომ წინა ბლოგში სწორედ ჩაწერილი პაციენტის გამოუცხადებლობის პრევენციაზე ვისაუბრეთ.
2 – ონლაინ დაჯავშნის ფონზე შემცირებული პერსონალის შრომა და ხარჯები
ბირმინგემის ქირურგიული მკურნალობის ცენტრის შემთხვევის ანალიზმა აჩვენა, რომ ონლაინ დაჯავშნის სისტემის დანერგვის შემდეგ, მედდის შრომითი ხარჯი წლიურად 30%-ით შეამცირა.
გარდა ამისა, ჩაწერის პროცესის სისტემიზაცია იძლევა საშუალებას თავიდან ავიცილოთ სამედიცინო დოკუმენტაციის დაკარგვის შემთხვევები.
დაჯავშნის სისტემის მეშვეობით, ავტომატიზდება მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესი, რის შედეგადაც გამოირიცხება ადამიანური შეცდომები. ამასთან, სწორად დაგეგმილი კომუნიკაციის დახმარებით მცირდება ჩაწერილი პაციენტის გამოუცხადებლობის სიხშირე და შესაბამისად იზოგება გაუთვალისწინებელი ხარჯები.
3 – შემცირებული მოლოდინის დრო და გაზრდილი კმაყოფილება
პაციენტის და მომსახურების ხარისხის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი სირთულე მოლოდინის დროა. პაციენტს იმ ჰოსპიტალში წასვილს სურვილი უჩნდება, სადაც უფრო სწრაფად მოემსახურებიან, ხოლო თითოეული მათგანის დაკარგვა საბოლოო ჯამში კლინიკას დიდ ფინანსიურ დანაკლისად უჯდება.
პაციენტების შესანარჩუნებლად, აუცილებლად უნდა უზრუნველყოთ როგორც მოლოდინის ისე მიღების დროის მინიმიზაცია. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ონლაინ დაჯავშნა დაახლოებით 25%-ით ზრდის მომხმარებლის რაოდენობას.
კვლევების თანახმად, ონლაინ დაჯავშნის სისტემის დანერგვა გარკვეულწილად უზრუნველყოფს მომხმარებლის კეთილგანწყობის მოპოვებას და ზრდის მათ კმაყოფილებას, რაც ლოიალობის გარანტიად შეიძლება ჩაითვალოს.